ყველა სკოლა
ENGLISH

დეკანის მიმართვა

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სამართლისა და პოლიტიკის სკოლაში და ჩვენს ვებგვერდზე.

შექმნის დღიდან ჩვენი სკოლის მთავარ ღირებულებებად რჩება ხარისხი, კოლეგიალური სასწავლო პროცესი და დინამიური აკადემიური გარემო. ადმინისტრაცია, პროფესორ-მასწავლებლებები, სტუდენტები და კურსდამთავრებულები თანაბრად იზიარებენ პასუხისმგებლობას ჯიპა-სა და სამართლისა და პოლიტიკის სკოლაში მაღალი აკადემიური და პროფესიული სტანდარტების შენარჩუნებაზე.

ჩვენი სკოლის სავიზიტო ბარათი, ორი სამაგისტრო პროგრამა, ყოველწლიურად ვითარდება და იხვეწება მსოფლიოსა და საქართველოში მიმდინარე დინამიკისა და ტენდენციების შესაბამისად. ჩვენ ვითვალისწინებთ შესაბამის აკადემიურ სფეროში მიმდინარე სიახლეებსა და დისკუსიებს, ქართულ რეალობასა და პრაქტიკულ საჭიროებებს, რაც რეგულარად აისახება ჩვენი პროფესურის მიერ მოწოდებულ საგნებში. შესაბამისად, ყოველ აკადემიურ წელს ჩვენს პროგრამებში საშუალოდ 5-6 ახალი საგანი შემოდის, რაც საშუალებას გვაძლევს მაგისტრობის კანდიდატს მივცეთ მიმდინარე კონიუნქტურის შესაბამისი პრაქტიკული ცოდნა იმ ძირითად საგნებთან ერთად, რომლებიც მათი სპეციალიზაციის საფუძველს შეადგენენ. ჩვენს სტუდენტებს აქვთ იშვიათი შესაძლებლობა დაეუფლონ საკუთარ სფეროს საქართველოში მოღვაწე საუკეთესო პროფესორ-მასწავლებლების მეშვეობით, რომელთა შესახებ ეს ვებგვერდი შეეცდება ადეკვატური წარმოდგენა შეგიქმნათ. უშუალოდ დისციპლინების შესწავლასთან და სამაგისტრო ნაშრომის მომზადებასთან ერთად სტუდენტებს საშუალება ეძლევათ სტაჟირება გაიარონ ჩვენი სკოლის ფარგლებში და ჩაერთონ ჩვენთან არსებული სხვადასხვა კვლევითი ცენტრების საქმიანობაში. ვგეგმავთ, აღვადგინოთ ჩვენი ტრადიცია -- რეგულარული ბიზნეს ლანჩი, რომლის დროსაც სტუდენტებს საშუალება ეძლევათ საათნახევრით შეხვდნენ მათ სფეროში მოღვაწე გამორჩეულ ადამიანებს.

უკვე ოთხი წელია ჩვენი სამართლის საბაკალავრო პროგრამა გაიხსნა და მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვინარჩუნებთ სწავლების თანამედროვე პრინციპებისადმი ერთგულებას, რომელიც გულისხმობს ამ სფეროში კაზუსების, სოკრატეს მეთოდისა და პრაქტიკაზე დაფუძნებული შესწავლაზე დაყრდნობით კონკურენტული კადრების მომზადებას. ჩვენი პროგრამა საშუალებას აძლევს სტუდენტებს ისწავლონ აშშ-სა და ევროპის უნივერსიტეტების სამართლის პროგრამებზე საერთაშორისო გამოცდილების დასაგროვებლად. ჩვენი სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ ყველა მნიშვნელოვან იმიტირებულ პროცესში; ჩვენ მხარს ვუჭერთ ამგვარ ინიციატივებს და ეს მომავალშიც გაგრძელდება. ბოლო წლებში ჩვენი წარმატება საერთაშორისო იმიტირებულ პროცესებში თვალსაჩინოა. ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდშიც ბევრი ჩვენი სტუდენტი პროფილის მიხედვით გადის სტაჟირებას წამყვან იურიდიულ ფირმებსა და სახელმწიფო სექტორში. ამ მიმართებითაც ჩვენი მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. საუკეთესო სტუდენტებს თავად პროგრამა მნიშვნელოვან შეღავათებს უწესებს და ეს შეღავათები ჩვენი სტუდენტების საშუალოდ 10%-ზე ვრცელდება. ჩვენს მიერ მიღწეული შედეგები პირდაპირ გამომდინარეობს არამარტო ჩვენი სასწავლო პროცესისა და მეთოდიკის თანამედროვე საფუძვლებიდან, არამედ ასევე განპირობებულია ჩვენი პროფესურის განსაკუთრებულად მაღალი დონით, რასაც მათი მოღვაწეობა სამართლის სფეროში ნათლად ადასტურებს. ეს პროგრამა საუკეთესო არჩევანია იმ ახალგაზრდებისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი აზროვნებისა და კრიტიკული ანალიზის უნარების ჩამოყალიბება.

ჩვენი სკოლის პროფესორების 80%-ზე მეტს განათლება მიღებული აქვს დასავლეთის წამყვან უნივერსიტეტებში და უკვე არაერთი წელია ცდილობს ცოდნის მიღების თანამედროვე მეთოდები გააცნოს ჩვენს სტუდენტებს. ჩვენი ლექტორისთვის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის თითოეული მაგისტრანტი და ბაკალავრიატის სტუდენტი განსაკუთრებული ყურადღების საგანია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პროფესორების უმრავლესობა მოღვაწეობდა და დღესაც მოღვაწეობს მეტად საპასუხისმგებლო პოზიციებზე სახელმწიფო თუ კერძო სექტორში. ჩვენს სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა მიმართონ მათ ნებისმიერ სამუშაო დღეს, როგორც ჯიპა-ში, ასევე მის გარეთ და მიიღონ კონსულტაცია როგორც სწავლასთან ასევე, პროფესიულ კარიერასთან დაკავშირებით. ეს პრინციპი, რომელიც აუდიტორიის გარეთ სასწავლო პროცესის უწყვეტობას გულისხმობს განმსაზღვრელია იმ ერთობისთვის რასაც ჯიპა წარმოადგენს. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ჩვენს კურსდამთავრერბულებს შეექმნათ თვალთახედვის ფართო არეალი, ამიტომაც მომავალი დიპლომატები, სახელმწიფო მოღვაწეები და იურისტები შეისწავლიან დისციპლინებს მოლაპარაკებების ხელოვნებიდან სტატისტიკამდე.

სამართლის და პოლიტიკის სკოლის სტუდენტებისათვის პრაქტიკული, თანამედროვე ცოდნის მიღება და საქმიანი უნარ-ჩვევების გამომუშავება უმთავრესი ამოცანაა. ჩვენი კურსდამთავრებული საუკეთესო კანდიდატია საჯარო თუ კერძო სექტორში მისი პროფესიისა და ცოდნის შესაბამისი პოზიციის დასაკავებლად. ჩვენი პროფესორ-მასწავლებლები იუსტიციის, ეკონომიკის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პარლამენტის, და სხვა უწყებების ისევე როგორც რიგი ყველაზე მნიშვნელოვანი კორპორაციების და საერთაშორისო ორგანიზაციების მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ. ეს ადამიანები აქტიურად არიან ჩართული საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობაში. ჩვენი ქვეყნის მომავალი კადრების აღმზრდელები სტუდენტებს აკადემიურ ცოდნასთან ერთად პირად გამოცდილებასაც უზიარებენ.

სასწავლო გარემო ცოდნის მიღების საუკეთესო პირობებს ქმნის. ჯგუფებში სტუდენტების საშუალო რაოდენობა მაგისტრატურაზე 25 შეადგენს, ხოლო საბაკალავრო პროგრამაზე კი 50-ს არ აღემატება. ამავდროულად, პროფესორსა და სტუდენტს შორის არსებული შეფარდება 1:10-ს უახლოვდება. ეს განსაკუთრებული მაჩვენებლებია და სტუდენტის აკადემიური თუ პროფესიული განვითარებისთვის გამორჩეულ პირობებს ქმნის. საუკეთესო სტუდენტები თითქმის მთლიანად თავისუფლდებიან სწავლის საფასურის გადახდისაგან; ვგეგმავთ, გაიზარდოს სტიპენდიანტთა რაოდენობა უახლოეს მომავალში. 

ჩვენი კურსდამთავრებულები დღესაც ინარჩუნებენ მჭიდრო კავშირს სკოლასთან და პროგრამებთან. მათი აბსოლუტური უმრავლესობა წარმატებული ადამიანია. ჩვენ ყოველმხრივ ვუწყობთ ხელს არსებულ მაგისტრანტებსა და კურსდამთავრებულებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას, რაშიც ეს ვებგვერდიც გვეხმარება.

სამართლისა და პოლიტიკის სკოლა ახალგაზრდა, მზარდი ორგანიზმია. ყოველ აკადემიურ წელს ჩვენ გთავაზობთ განახლებულ სასერთიფიკატო პროგრამებს, ახალ კურსებსა და ინიციატივებს. ვიმედოვნებ, ეს ვებგვერდი სათანადო წარმოდგენას შეგიქმნით ჩვენი მიმდინარე კვლევების, პუბლიკაციებისა და აქტივობების შესახებ.

ვიმედოვნებ, ეს ვებ გვერდი დაგეხმარებათ იპოვოთ თქვენთვის საინტერსო და საჭირო ინფორმაცია, სამართლის და პოლიტიკის სკოლა კი საშუალებას მოგცემთ შეიძინოთ ახალი ცოდნა, დარწმუნდეთ თქვენს შესაძლებლობებში და აირჩიოთ თქვენი გზა.

ბაკურ კვაშილავა